ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ის, თუ სხვა რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელვანია, დადგინდეს სიმართლე იმ ღალატის შესახებ, რომელიც ჩადენილი იქნა 2008 წელს, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძემ აღნიშნული კომენტარი გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გააკეთა.
„ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ის, თუ სხვა რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელვანია, დადგინდეს სიმართლე იმ ღალატის შესახებ, რომელიც ჩადენილი იქნა 2008 წელს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები დღესაც ცდილობენ, ჩვენი ქვეყანა ომში ჩაითრიონ. მათ აქვთ ამის მცდელობა, უკვე ორ წელიწადზე მეტია, ამას აკეთებენ. დღეს მნიშვნელოვანია, რომ გამოუძიებელი არ დარჩეს 2008 წლის ომი, როცა იგივე მიმდინარე დანაშაულთან გვაქვს ჩვენ საქმე, მითუმეტეს მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იქნას ანალოგიური დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს და სისრულეში მოიყვანეს 2008 წელს.
საინტერესო დეტალია, რასაც, ალბათ, ასევე სჭირდება გამოძიება - ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მათ დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას სისხლის სამართლის კოდექსიდან და ომის დასრულებიდან მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მიიღეს ეს კანონი. იმდენად ეშინოდათ საკუთარი ჩადენილი დანაშაულისა და პასუხისმგებლობის ამ დანაშაულზე ღალატის გამო, რომ ღალატის შესახებ ჩანაწერი ამოიღეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსიდან, ისე, სხვათაშორის, კონსტიტუციიდანაც. წარამოიდგინეთ, რამხელა შიში ჰქონდათ ღალატის გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს საკუთარი ხალხისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე. ეს დეტალები აუცილებლად გამოსაძიებელია. კიდევ ერთხელ ვიტყვი - დანაშაულის გამო ამ პოლიტიკური ძალის დასჯა არის განსაკუთრებით პრევენციისთვის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაული მათ მომავალში არა თუ არ ჩაიდინონ, მათ არ ექნებათ ამის რესურსი, არც ერთ შემთხვევაში ქართველი ხალხი მათ ამ მანდატს არ მიანიჭებს, თუმცა, რომ არ გაიფიქრონ ამ დანაშაულის ჩადენა, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იქნას ეს დანაშაული და დადგეს შესაბამისი სასჯელი ამ პოლიტიკური ძალის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, გაერო-ში რუსეთის მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ 2009 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის მხარის არგუმენტად მოიყვანა ციტატა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს 13 აგვისტოს განცხადებიდან: „ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო... ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“