ოპოზიცია კვლევებს არ აღიარებს, თუმცა ერთმანეთის მიყოლებით ერთიანდებიან, რათა რამენაირად სცადონ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა „გორბის“ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, „საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ“.
კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ თავისუფლად შეუძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება.
„ბარიერის გადალახვის პრობლემა თუ არა აქვთ, რატომ ერთიანდებიან ასე ერთმანეთის მიყოლებით. რეალურად, თვითონაც კარგად იციან, სურათი რაც არის და სურათი არის ზუსტად ასეთი. ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლევები, რომელსაც კომპანია ატარებს და სურათი არის მსგავსი. რომ ავიღოთ „გორბის“ კვლევა, მე გადავიანგარიშე და 107 მანდატი გამოგვდის „გორბის“ კვლევის მიხედვით, ოპოზიციას გამოსდის 43 მანდატი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ექვსი ექვსი მანდატი გვაკლია ამ მონაცემებით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობამდე. ვფიქრობ, ეს დანაკლისი არის თავისუფლად აღმოფხვრადი. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებული და წარვმართოთ სწორი კამპანია. ასეთ შემთხვევაში, 113 მანდატის მიღება პარლამენტში არის თავისუფლად შესაძლებელი. „გორბის“ მონაცემები ამას გვეუბნება, ჩვენი კომპანიის მიერ მოწოდებული მონაცემები ამას გვეუბნება. შესაბამისად, აბსოლუტურად რეალურია „ქართული ოცნების“ მიერ თუნდაც 113 მანდატის მიღება და საკონტიტუციო უმრავლესობის მოპოვება“, – განაცხადა კობახიძემ.