გაეროში რუსეთის მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ 2009 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის მხარის არგუმენტად მოიყვანა ციტატა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს 13 აგვისტოს განცხადებიდან.
„წლიდან წლამდე გვანცვიფრებს დასავლელი კოლეგების მანიაკური წყურვილი, განიხილონ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილი აგრესიის საკითხი. დადგენილი ფაქტებისა და საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი უფრო და უფრო გვაგონებს მაზოხისტურ ქმედებებს. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ, მხოლოდ წავიკითხავ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, ეს არის პირდაპირი ციტატა“, - განაცხადა პოლიანსკიმ და წაიკითხა ამონარიდი „ქართული ოცნების“ განცხადებიდან:
„ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო... ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“
ამის შემდეგ, პოლიანსკიმ დასძინა: გაიხსენეთ ეს სიტყვები, როდესაც დასავლელი კოლეგები გამოვლენ ამ ტრიბუნასთან და შეეცდებიან მოგატყუონ, თუ რა მოხდა სინამდვილეში იმ დროს”.