შეერთებული შტატები წინასწარ არ იყო ინფორმირებული კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შესვლის შესახებ, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ამაში უჩვეულო არაფერია. „ჩვენ უკრაინას ვაძლევთ საშუალებებს და რჩევებს.
მაგრამ რაც შეეხება ყოველდღიურ ტაქტიკას, ყოველდღიურ დარტყმებს, ზოგჯერ გვაქვს მათთან კონტაქტი, ზოგჯერ – არა“, - თქვა მილერმა.
მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, კიევი თავად იღებს გადაწყვეტილებებს, თუ როგორ უნდა წარმართოს სამხედრო ოპერაციები.
ამასთან, მილერმა აღნიშნა, რომ არაფერი შეცვლილა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების შეზღუდვის პოლიტიკაში.
ამავდროულად, მილერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონტაქტშია უკრაინელებთან ამ ოპერაციასთან დაკავშირებით.
რუსული მედიის ცნობით, უკრაინის ჯარებმა, რომლებიც 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის ოლქის სუჯას რაიონში, სასაზღვრო ზონაში პოზიციების გამაგრება შეძლეს. ამასთან, უკრაინელებმა დაიკავეს სოფლები ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვერდლიკოვო. გარდა ამისა, უკრაინული და რუსული ჯარები იბრძვიან გონჩაროვკასა და ოლეშნაში.
ცოტა ხნის წინ ასევე რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს სუჯის გაზსსაზომი სადგური, რომლის მეშვეობითაც გაზის ტრანზიტი ევროპაში უკრაინის გავლით ხორციელდება.
კურსკის ოლქში ბრძოლები მეორე დღეა გრძელდება. უკრაინის ჯარები რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში პოზიციები გაიმყარეს. ვლადიმირ პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევას "მასშტაბური პროვოკაცია" უწოდა.
საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა ტექნიკის მხრივ დანაკარგი განიცადეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის წვევამდელები, სავარაუდოდ, ტყვედ ჩავარდნენ.
ბრძოლის დაწყებიდან საზღვრისპირა დასახლებები ცეცხლის ქვეშაა. ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება სამი დაღუპულისა და 28 დაშავებულის შესახებ.
ამასთან ,კურსკის ოლქის გუბერნატორის ალექსეი სმირნოვის განცხადებით, რეგიონში 7 აგვისტოდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა