კურსკის ოლქში 7 აგვისტოდან საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონის სასაზღვრო რაიონებში „შენარჩუნებულია მძიმე ოპერატიული მდგომარეობა“. საგანგებო რეჟიმი, როგორც სმირნოვმა განმარტა, შემოღებულია იმისათვის, რომ აღმოიფხვრას უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგიონში შესვლის შედეგები.
სმირნოვმა თქვა, რომ ოპერატიული ვითარების გაუმჯობესებამდე იგი პირადად კოორდინაციას გაუწევს ერთიანი სახელმწიფო სისტემის ძალების მუშაობას საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით.
„კურსკის რეგიონში, სასაზღვრო რაიონებში რჩება მძიმე ოპერატიული ვითარება. რეგიონში მტრის ძალების შესვლის შედეგების აღმოსაფხვრელად, მივიღე გადაწყვეტილბა 7 აგვისტოდან კურსკის რეგიონში საგანგებო სიტუაციის შემოღების შესახებ.
ვიდრე ოპერატიული მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მე პირადად კოორდინაციას გავუწევ ერთიანი სახელმწიფო სისტემის ძალების მუშაობას საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ლიკვიდაციის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ ჩემი ხელმძღვანელობით ოპერატიული შტაბი მუშაობს მთელი საათის განმავლობაში. სიტუაცია პირადი კონტროლის ქვეშ მყავს აყვანილი. მუდმივ კავშირში ვარ სამართალდამცავ ორგანოებთან და ფედერალურ ცენტრთან. კურსკის მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომა მიიღება“, - განაცხადა სმირნოვმა.
რუსული მედიის ცნობით, უკრაინის ჯარებმა, რომლებიც 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის ოლქის სუჯას რაიონში, სასაზღვრო ზონაში პოზიციების გამაგრება შეძლეს. ამასთან, უკრაინელებმა დაიკავეს სოფლები ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვერდლიკოვო. გარდა ამისა, უკრაინული და რუსული ჯარები იბრძვიან გონჩაროვკასა და ოლეშნაში.
ცოტა ხნის წინ ასევე რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს სუჯის გაზსსაზომი სადგური, რომლის მეშვეობითაც გაზის ტრანზიტი ევროპაში უკრაინის გავლით ხორციელდება.
კურსკის ოლქში ბრძოლები მეორე დღეა გრძელდება. უკრაინის ჯარები რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში პოზიციები გაიმყარეს. ვლადიმირ პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევას "მასშტაბური პროვოკაცია" უწოდა.
საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა ტექნიკის მხრივ დანაკარგი განიცადეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის წვევამდელები, სავარაუდოდ, ტყვედ ჩავარდნენ.
ბრძოლის დაწყებიდან საზღვრისპირა დასახლებები ცეცხლის ქვეშაა. ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება სამი დაღუპულისა და 28 დაშავებულის შესახებ.