უკრაინის ჯარებმა, რომლებიც 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის ოლქის სუჯას რაიონში, სასაზღვრო ზონაში პოზიციების გამაგრება შეძლეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „მედუზა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ, ომის მომხრე ტელეგრამარხ „რიბარზე“ დაყრდნობით იუწყება.
არხის ავტორის, მიხაილ ზვინჩუკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაიკავეს სოფლები ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვერდლიკოვო. გარდა ამისა, უკრაინული და რუსული ჯარები იბრძვიან გონჩაროვკასა და ოლეშნაში.
როგორც „რიბარი“ წერს, საერთო ჯამში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 400-მდე სამხედრო შეიჭრა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და კიდევ ორი ათასამდე სამხედროა კონცენტრირებული საზღვრის გასწვრივ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ამავდროულად, შეტევა ამ მხარეში შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, განსაკუთრებით სასაზღვრო ზონაში უკრაინული ძალების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე.
ტელეგრამარხების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლას სუჯასკენ, ქალაქი ფაქტობრივად სრულად ევაკუირებულია.
რუსეთის ომის მომხრე საჯარო გვერდებზე საუბრობენ, რომ უკრაინის ჯარების ერთ-ერთი მიზანი შესაძლოა იყოს სუჯას გაზსაზომი სადგურის განადგურება.
ადგილობრივი ხელისუფლება და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კურსკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლების შესახებ დეტალურ ცნობებს არ ავრცელებენ.
კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა თქვა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელი ნაცისტების თავდასხმებს" და სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური გადაყვანილია გაძლიერებულ რეჟიმზე. მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს ჩააბარონ სისხლი ადგილობრივ საავადმყოფოებში.
სმირნოვის თქმით, 7 აგვისტოს ღამით უკრაინულმა დრონებმა ორჯერ დაარტყეს სუჯას რაიონს. პირველ შემთხვევაში დრონმა ბელაიას დასახლების გზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩააგდო, ორი ბავშვი დაშავდა.
მეორე დარტყმა სუჯასთან სასწრაფო დახმარების მანქანას მოხვდა, მძღოლი და მედდა დაიღუპა, ექიმი კი დაშავდა. ასევე, სმირნოვის თქმით, ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების ოთხი რაკეტა და სამი დრონი ჩამოაგდეს კურსკის რეგიონში.
ამასთან, რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონზე თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა.
სმირნოვის თქმით, დაღუპულია სამი ადგილობრივი მცხოვრები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასული ღამის განმავლობაში, ბელგოროდის ოქლში გაანადგურეს სამი უკრაინული დრონი, კურსკში - ოთხი, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში კი ორ-ორი.