კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს სუჯის გაზსსაზომი სადგური, რომლის მეშვეობითაც გაზის ტრანზიტი ევროპაში უკრაინის გავლით ხორციელდება. ამის შესახებ რუსული გამოცემა „მედუზა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ტელეგრამ-არხ "რიბარზე“ დაყრდნობით იუწყება.
სადგურის აღების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
სუჯის გაზსამზომი სადგური უკრაინის საზღვრიდან 500 მეტრში ამავე სახელწოდების გამშვებ პუნქტთან მდებარეობს.
შეძლეს თუ არა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საგუშაგოს აღება, უცნობია. სამხედრო ბლოგერები ირწმუნებიან, რომ რუსი მესაზღვრეები კვლავ იქ იმყოფებიან.
ამასთან, მედია ICE-ის ბირჟაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნიდერლანდებში უმსხვილეს ევროპის ჰაბზე TTF-, გაზის ფასი კურსკის ოლქში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე გაიზარდა.
კურსკის ოლქში ბრძოლები მეორე დღეა გრძელდება. უკრაინის ჯარები რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში პოზიციები გაიმყარეს. ვლადიმირ პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევას "მასშტაბური პროვოკაცია" უწოდა.
საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა ტექნიკის მხრივ დანაკარგი განიცადეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის წვევამდელები, სავარაუდოდ, ტყვედ ჩავარდნენ.
ბრძოლის დაწყებიდან საზღვრისპირა დასახლებები ცეცხლის ქვეშაა. ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება სამი დაღუპულისა და 28 დაშავებულის შესახებ.