მთელი საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელა აგრესია, მაგრამ თუ ვინმემ ამას ხელი შეუწყო ეს არის „ნაციონალური მოძრაობა”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„მთელი საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელა აგრესია, მაგრამ თუ ვინმემ ამას ხელი შეუწყო და თუ შეიძლება იმ მოვლენებში, რომელიც განვითარდა და რითაც ვერაგულმა ოკუპანტმა ისარგებლა, ვინმეს დამნაშავე ვუწოდოთ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა” და მისი ხელისუფლება. ყველა შესაძლო დასაშვები შეცდომა მან რეალურ ცხოვრებაში დაუშვა. მან ყველა საბაბი მისცა ოკუპანტს, რომ მას გახსნილი ჰქონოდა ხელი იმისთვის, რომ ჩაედინა დანაშაული, დაეპყრო ტერიტორიები ძალისმიერად, მაგრამ მას მიეცა საბაბი, მათ შორის საერთაშორისო დონეზე განეცხადებინა, თითქოს იქ მოსახლეობის მიმართ იყო განხორციელებული აგრესია იმდროინდელი ხელისუფლების მიერ. მაშინ აწყობდათ, რომ 8 აგვისტო ეთქვათ, შემდეგ გადალაგდა საერთაშორისო კონტექსტი და ახლა რამენაირად ცდილობენ, თავის დაძვრენას. რაშიც ისინი არიან დამნაშავე, ამას ვერასდროს ჩამოირეცხავენ. ჩვენ ვიცით, რომ ოკუპანტი ოკუპანტია, რუსეთმა აგრესია განახორციელა, მაგრამ იმხელა თავი რომ გაბია, პოლიტიკაში ხარ და ქვეყანას ხელმძღვანელობ, უნდა იფიქრო იმაზეც, როგორ აარიდო ქვეყანას ისეთი დამღუპველი ვითარება, როგორიც აგვისტოს იმ ტრაგიკულ დღეებში ჩვენი ისტორიული სამაჩაბლოს, იქ მაცხოვრებელი ხალხის და ჩვენი ჯარის თავს დატრიალდა. აბსოლუტურად, არითმეტიკული დისპროპორციაა იმ შესაძლებლობებს შორის, რომელიც აგრესორს და რუსეთის ჯარს გააჩნდა და რომელიც ქართულ ჯარს გააჩნდა. ქართული ჯარის უპირატესობა მის წვრთნაში, თანამედროვე სტანდარტებში, თავგანწირვასა და გმირობაში გახლდათ, ხოლო მტრის მხარეს იყო: აურაცხელი ძალა, მძიმე ტექნიკა, ავიაცია და არტილერია, რასაც ჩვენ მოკლებული ვიყავით“, – განაცხადა ოდიშარიამ.