საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არასდროს უთქვამთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში აშშ-ს და ევროკავშირს გულისხმობენ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, კულისებში არსებობს საკითხები, რომლებზეც დღეს ხმამაღლა არ საუბრობენ.
„ჩვენ არცერთხელ არ გვითქვამს, რომ გლობალურ ომის პარტიაში ვგულისხმობთ აშშ-ს და ევროკავშირს. გვაძალებენ, რომ თქვენ მაინც და მაინც ამას გულისხმობთო და არ ვგულისხმობთ. ადამიანებმა ტყუილში ტყუილით მხილება გადაწყვიტეს. პირიქით, მე ვამხელ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იტყვის – ტყუილია, რომ ამერიკას ომი უნდა. არ გვითქვამს ასეთი და იქით უნდა ვამხილოთ ტყუილში ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს. უნდა გავბედოთ ეს და ამას ვბედავთ, ამისთვის ცდილობენ ჩვენს დასჯას ვიღაც ვიღაცები. რაც შეეხება გლობალური ომის პარტიას, ესენი არიან ძალები, რომლებიც დგანან მეორე ფრონტის ინტერესის უკან. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ როგორც ასეთი, ეს არის აშშ, როგორც ასეთი, ეს არის ევროკავშირი, ჩვენ ასეთი არ გვითქვამს. ყოველთვის ხაზს ვუსვამთ კონკრეტულ ძალებს და ვაკავშირებით ამ კონკრეტულ ძალებთან, მათ შორის მაგალითად, ბატონი ტრამპის მოკვლის ინტერესს,ვაკავშირებით ბატონი ფიცოს მკვლელობის მცდელობის და მკვლელობის ინტერესს, ვაკავშირებთ ირაკლი კობახიძეზე ირიბი მუქარის ინტერესს და მინიშნების ინტერესს, ვაკავშირებთ მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის და ტერორისტული აქტის მოწყობის ინტერესს. და როდესაც უსამართლო კრიტიკას ვიღებთ ჩვენ სხვადასხვა ქვეყნების, სხვადასხვა კონკრეტული პოლიტიკოსებისგან, ისმება კითხვა, თუ ეს ვერსია, რასაც ჩვენ ვავითარებთ, არასწორია, მაშინ რა არის სწორი ვერსია? და ამაში დარწმუნებული კი არ ვართ, ვიცით, არსებობს კულისებში საკითხები, რომლებზეც ვერ და არ ვლაპარაკობთ, რათა არ გადავლახოთ წითელი ხაზები. ღმერთმა არ ქნას, საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ხაზგასმით ვამბობ, ღმერთმა არ ქნას, რომ მოგვიწიოს ყველაფერის თქმა, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, მათ შორის რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი და ა.შ. ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.