სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში აუცილებლად აისახება ის, რომ ხელისუფლება ასობით ათას საქართველოს მოქალაქეს საზღვარგარეთ, არ უმარტივებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას და ტოვებს მათ რეალურად ხმის მიცემის უფლების გარეშე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის - ახალი, გირჩი, დროას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურან ჯაფარიძემ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნაზე ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც დავიწყეთ დეკემბერში.90-ზე მეტ ქალაქში გროვდება უკვე ხელმოწერები და დაახლოებით 40-მდე ქალაქი არის სადაც უკვე შეგროვდა 50-ზე მეტი ხელმოწერა და გადაგზავნილი არის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ცესკოში. ნიუს პორტალმა „ჯემ ნიუსმა“ დათვალა რომ 90-ვე ქალაქში რომ გახსნას ცესკომ საარჩევნო უბნები, ჯამში ეს ცესკოს წლევანდელი ბიუჯეტის 0,8% იქნება ანუ არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯებზე არ არის საუბარი და სინამდვილეში, ძალიან მარტივად გაკეთებადია თუ ამისი პოლიტიკური ნება არსებობს უბრალოდ ამ პოლიტიკურ ნებას დღევანდელი ხელისუფლება არ ავლენს იმის გამო, რომ იციან, რომ საზღვარგარეთ აგებენ.
ჩვენ ამ ყველა დოკუმენტს, ყველა ხელმოწერილ დოკუმენტს, ყველა ქალაქიდან ემიგრანტებმა რაც შეაგროვეს, დღესვე, მათ შორის, რაღაც ნაწილს გადავუგზავნით სადამკვირვებლო მისიას, NDI სადამკვირვებლო მისიასთან გვაქვს შეხვედრა და გავუგზავნით ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში დააკვირდება არჩევნებს და საბოლოო ჯამში ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ასობით ათას საქართველოს მოქალაქეს საზღვარგარეთ, არ უმარტივებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას და ტოვებს მათ რეალურად ხმის მიცემის უფლების გარეშე, ეს აუცილებლად აისახება სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში. ბოლოს მეც მინდა მოვუწოდო ქართველ ემიგრანტებს, 26 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი არჩევნები. ჩენ გვჭირდება თქვენი დახმარება. გვესმის, რომ ყველანი დაკავებულები ხართ, ყველას ჩვენ ჩვენი საქმეები გვაქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე და 26 ოქტომბერს უნდა მისცეთ ხმა. უნდა დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, რომ 2030 წელს ეს ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და თითოეული თქვენგანი, რომელიც ახლა ცხოვრობთ ევროკავშირში, რომელიღაც ქვეყანაში და ხართ რაღაცა მეორე რიგის მოქალაქე, უნდა გახდეთ სრულფასოვანი ევროკავშირის მოქალაქეები, ისევე როგორც ყველა დანარჩენი საქართველოს მოქალაქე, - განაცხადა ჯაფარიძემ.