რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილედ და საჰაერო ძალების მეთაურად დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კობილაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა.
კობილაშმა აღნიშნულ თანამდებობაზე გენერალ ლეიტენანტი სერგეი დრონოვი შეცვალა. მანამდე კობილაში შორი მანძილის ავიაციის შტაბის უფროსი იყო. ეს დანაყოფი შეიარაღებულია სტრატეგიული ბომბდამშენებით, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის ტარება.
2024 წლის მარტში, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) გასცა კობილაშისა და ადმირაკ ვიქტორ სკოლოვის დაპატიმრების ორდერი, რომლებიც იმ დროს მეთაურობდნენ შავი ზღვის ფლოტს. პუტინმა კობილაში სამსახურიდან მალევე გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის სამხრეთ სანაპიროსთან დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ ჩაძირეს.
ICC-ის საქმის მასალების თანახმად, ობილაში და სოკოლოვი ეჭვმიტანილები არიან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. ცნობილია, რომ სწორედ კობილაში ხელმძღვანელობდა, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, ქალაქ მარიუპოლის დაბომბვებს.
წარსულში კობილაში მეთაურობდა რუსულ ავიაციას სირიაში, სარაკეტო დარტყმებს აყენებდა ქვეყნის ტერიტორიებს, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში უდიდესი მსხვერპლი გამოიწვია. აღნიშნული საერთაშორისო საზოგადოების მიერ კვალიფიცირებული იყო, როგორც სამხედრო დანაშაული.
ის ასევე მონაწილეობდა რუსეთის აგრესიაში საქართველოს წინააღმდეგ. როგორც 368-ე მოიერიშე საავიაციო პოლკის მეთაური, კობილაში ხელმძღვანელობდა მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფთა ქმედებებს და პირადად, როგორც პილოტი, ბომბავდა საქართველოს ქალაქებს. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის პუტინმა მას „რუსეთის გმირის“ წოდება მიანიჭა.
ამის გარდა, მან შეასრულა ათობით საბრძოლო გაფრენა და მონაწილეობდა ჩეჩნეთის დაბომბვებში, მათ შორის აკრძალული კასეტური და ვაკუუმური ბომბებით.