თუ გავითვალისწინებთ წარსულის გამოცდილებას და დღევანდელ რეიტინგს, რეალურად თავისუფლად შეგვიძლია 60%-ზე მეტის მიღება; ეს არის სოციოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებული განაცხადი, არც მეტი, არც ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამისა, ყოველ ჯერზე, საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ, მმართველი გუნდი შედეგის რამდენიმე პროცენტით ზრდას ახერხებს.
„შეგიძლიათ, ნახოთ 2021 წლის 2020 წლის განცხადებები, 2020 წელს იყო მომენტი, როდესაც ჩვენი რეიტინგი 60%-ს აჭარბებდა, ეს იყო კოვიდის პერიოდი, გახსოვთ მაშინ ვითარება, ეს იყო აპრილი-მაისი-ივნისი, თუმცა შემდეგ კოვიდის ციფრები გაიზარდა და შესაბამისად, რეიტინგი დაბლა ჩამოვიდა, რაღაც მომენტში იყო 60%, მაგრამ მაშინაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში ჩვენ ვამბობდით, რომ ველოდებოდით ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმის მიღებას. ეს ნიშნავს დაახლოებით 50%-ს და ავიღეთ 48% ამ არჩევნებში. ზუსტად იგივე განცხადებებს ვაკეთებდით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ და ვამბობდით, რომ ველოდებოდით ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმის მიღებას, დაახლოებით 50%-ს და იქაც ავიღეთ 47%. რასაც ვამბობდით, საზოგადოებას არ ვატყუებდით. აქვე შეგიძლიათ, ნახოთ ოპოზიციის ძველი განცხადებები, სადაც ამტკიცებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს და საბოლოო ჯამში ასრულებდნენ მორიგი მარცხით ყველა არჩევნებს. ყოველ ჯერზე ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს. ამით მათი ამომრჩეველიც დაიღალა და ერთ-ერთი მიზეზი სხვათა შორის რატომაც დაბალი რეიტინგი აქვთ, ესეც არის - გამუდმებით ტყუილში აცხოვრებდნენ იგივე საკუთარ მხარდამჭერებს. ჩვენ არასოდეს გვითქვამს 60%, არც 2020 და არც 2021 წელს. თუ ეს ჩვენი წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილია, მაშინაც ვიტყოდით 60%-ს, მოცემულობა თუ იგივეა და დღესაც გვაქვს 50%-მდე, რატომ ვიტყვით 60%-ს? ეს არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანაა ის, რაც დღეს არის ასახული რეიტინგებში და დღეს გვაქვს დაახლოებით 60% რეიტინგი და ჩვენი განცხადებების საფუძველი არის სწორედ რეიტინგი. როცა არ გვქონდა 60% 2020 და 2021 წლებში, არც ვამბობდით 60%-ს, ვაკეთებდით განსხვავებულ განცხადებებს, მაგრამ ახლა, კვლევების თანახმად გვაქვს დაახლოებით 60% და ამიტომ ვსაუბრობთ ამაზე. გარდა ამისა, ყოველ ჯერზე, როდესაც ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ვახერხებთ ხოლმე რამდენიმე პროცენტით შედეგის ზრდას, შესაბამისად გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ 60%-ზე მეტიც ავიღოთ ამ არჩევნებში. რა თქმა უნდა, სამი თვე არის ძალიან ბევრი დრო და არ უნდა მოვდუნდეთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ წარსულის გამოცდილებას და დღევანდელ რეიტინგს, რეალურად თავისუფლად შეგვიძლია 60%-ზე მეტის მიღება. ეს არის სოციოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებული განაცხადი, არც მეტი, არც ნაკლები“, - აღნიშნა პრემიერმა.