20 ივლისს აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NNSA) გამოაქვეყნა მიმდინარე მონაცემები აშშ-ის არსენალში არსებული ბირთვული ქობინების სტატუსის შესახებ.
ანგარიშის თანახმად, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, აშშ-ის ბირთვული არსენალი შედგებოდა 3 748 ბირთვული ქობინისაგან. ეს 88%-ით ნაკლებია, 1967 წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც არსენალის შემადგენლობაში იყო რეკორდული რაოდენობის 31 255 ქობინი.
1994 წლიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე, შეერთებულმა შტატებმა 12 088 ბირთვული ქობინის დემონტაჟი მოახდინა, მათ შორის 405-ის 2020 წლის სექტემბრიდან.
დაახლოებით 2000 ბირთვული ქობინი ამჟამად ექსპლოატაციიდან გასულია და ელოდება დემონტაჟს.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1991 წლის 30 სექტემბრიდან არასტრატეგიული ბირთვული იარაღის (მოკლე და საშუალო რადიუსის) რაოდენობა 90%-ით შემცირდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში შეერთებული შტატები, ეროვნული უსაფრთხოების მოტივებით, არ აქვეყნებდა განახლებულ ინფორმაციას ბირთვული არსენალის შესახებ.
ბირთვულ იარაღს ფლობს ცხრა ქვეყანა: შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა. რუსეთსა და აშშ-ზე საერთო ჯამში მოდის მსოფლიო ბირთვული არსენალის 90 პროცენტზე მეტი.
სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მონაცმების თანახმად, 1980-იანი წლების შემდეგ, მსოფლიოში ბირთვული იარაღის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. იმ დროისთვის დაახლოებით 70 000-მდე ბირთვული იარაღი იყო აღრიცხული.