აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მიჩიგანში მხარდამჭერების წინაშე წინასაარჩევნო აქციაზე განაცხადა, რომ მან მიიღო „ტყვია დემოკრატიისთვის“.
ღონისძიებას განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მოქალაქე დაესწრო. შენობაში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებდა.
"ახლა აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. გასულ კვირას მე მივიღე ტყვია დემოკრატიისთვის. რა გავაკეთე დემოკრატიის წინააღმდეგ? ეს სიგიჟეა," - თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მისი პოლიტიკური ოპონენტები ავრცელებენ დეზინფორმაციას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ და მას დემოკრატიის საფრთხესაც უწოდებენ.
"რა ჯანდაბა დავუშავე დემოკრატიას?" - იკითხა ტრამპმა.
ტრამპმა თავის მხარდამჭერებს მიმართა:
„არასდროს დაგავიწყდეთ, ჩვენს მტრებს სურდათ, ჩემთვის თავისუფლების წართმევა, რადგან მე არასდროს დავუშვებდი თქვენი თავისუფლების წართმევას. მათ ჩემი გაჩუმება სურდათ, რადგან მე არასდროს დავუშვებდი, რომ მათ თქვენ გაეჩუმებინეთ“.
მან სიტყვით გამოსვლისას ასევე დიდი ყურადღება დაუთმო იმიგრაციის საკითხს და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გეგმების შესახებ ისაუბრა, რა დროსაც კვლავ აღნიშნა, რომ აშშ-ში კრიმინალები შემოდიან.
„როგორც კი პრეზიდენტის ფიცს დავდებ, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე დიდ ოპერაციას დავიწყებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.