მინსკის სასამართლოს მიერ 30 წლის გერმანელი ექიმის რიკო კრიგერისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის შესახებ ბელარუსსა და გერმანიას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანატოლი გლაზიმ განაცხადა.
გლაზის თქმით, ბელარუსულმა მხარემ ამ პირის საკონსულო ხელმისაწვდომობა საერთაშორისო ნორმებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების სრული დაცვით უზრუნველყო.
19 ივლისს ბელარუსში მინსკის სასამართლომ გერმანიის 30 წლის მოქალაქეს, რიკო კრიგერს ტერორიზმის და დაქირავებულ მებრძოლად მუშაობის ბრალდებით სიკვდილი მიუსაჯა. როგორც ცნობილია, რიკო კრიგერი გერმანიის წითელი ჯვრის თანამშრომელი იყო.
რიკო კრიგერი ბელარუსში 2023 წლის ნოემბერში დააკავეს.