მსოფლიოს 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესი დასახელდა.
მესიმ თანაგუნდელებს ხავისა და ანდრეს ინიესტას აჯობა.
2010 წელს, მესიმ "ბარსელონასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო. 2009-2010 წლის სეზონში, მესიმ 64 მატჩი ჩაატარა, 58 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ლიონელ მესიმ, ხმების საერთო რაოდენობის 22.65% მიიღო.
მე-2 ადგილზე, 17.36%-ით ანდრეს ინიესტა გავიდა, რომელმაც 2010 წელს 58 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე, საუკეთესოს წოდებას სწორედ ინიესტას უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან მან, მესის მსგავსად, ესპანეთის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო, რასაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება და ფინალურ მატჩში გადამწყვეტი გოლის გატანა მოაყოლა.
ზუსტად ინიესტას მსგავსი გუნდური მიღწევები აქვს 2010 წელს, ხავი ერნანდესს, რომელმაც ხმების 16.48% მოაგროვა. გასულ წელს, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ნახევარმცველმა, 61 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მადრიდის "რეალის" დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო, FIFA-მ მსოფლიოს 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. პორტუგალიელ სპეციალისტს, გასულ საკლუბო სეზონში, "ინტერთან" ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგება დაუფასდა. შეგახსენებთ, რომ მოურინიოს გარდა, საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად ნომინირებულნი იყვნენ ესპანეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი, ვისენტე დელ ბოსკე და კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა. მოურინიომ ხმების 35.92% მოაგროვა. დელ ბოსკეს 33.08% ხვდა წილად, გუარდიოლა კი, 8.45 პროცენტს დასჯერდა.
ასევე ცნობილი გახდა FIFA/FIFPრო-ს 2010 წლის, გუნდში შემავალ ფეხბურთელთა ვინაობა. როგორც მოსალოდნელი იყო, სიმბოლური ნაკრები "ბარსელონას", "რეალისა" და "ინტერის" ფეხბურთელებით დაკომპლექტდა.
გთავაზობთ 2010 წლის FIFA/FIFPრო-ს გუნდს:
მეკარე: იკერ კასილიასი ("რეალი", ესპანეთი);
მცველები: მაიკონი ("ინტერი", ბრაზილია), ლუსიო ("ინტერი", ბრაზილია), ხერარდ პიკე ("ბარსელონა", ესპანეთი), კარლეს პუიოლი ("ბარსელონა", ესპანეთი);
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა", ესპანეთი), ხავი ("ბარსელონა", ესპანეთი), უესლი სნეიდერი ("ინტერი", ჰოლანდია);
თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა"), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", პორტუგალია), დავიდ ვილია ("ბარსელონა", ესპანეთი).
ცნობილია, 2010 წლის საუკეთესო გოლის ავტორის ვინაობაც. ყაზახეთის ეროვნული ნაკრების კარში გატანილი ძალზე ლამაზი გოლისთვის, თურქმა ფეხბურთელმა, ჰამიტ ალტინტოპმა, ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი მიიღო.
ზედიზედ მეხუთედ, წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ბრაზილიელი მარტა დასახელდა, რომელსაც კონკურენციას გერმანელი ფეხბურთელები - ბრიგიტ პრინცი და ფატმირე ბაირამაი უწევდნენ.
ქალებს შორის, წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება, გერმანიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, სილვია ნეადმა მოიპოვა, რომელმაც გერმანიის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ, მარენ მაინერტსა და ამერიკის შეერთებული შტატების შვედ დამრიგებელს, პია სუნდაგს აჯობა.
FIFA-ს პრეზიდენტის, იოზეპ ბლატერის ყოველწლიური პრიზი, აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლმა, 79 წლის სამხრეთამერიკელმა, დესმონდ მპილო ტუტუმ მიიღო.