ევროპის რამდენიმე ქვეყანა განიხილავს ავღანეთში საელჩოების გახსნას, რაც ნიშნავს თალიბანის ძალაუფლების დიპლომატიურ აღიარებას. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იტალიის წარმომადგენელი სპეცსამსახურებთან ერთად ქაბულში გაცნობითი სახის ვიზიტით იმყოფებოდა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ ავღანეთში იტალიელი დიპლომატი ჩავიდა.
"არსებობს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები. გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, ამას დრო დასჭირდება", - განაცხადა ტაიანმა.
ამჟამად ავღანეთში არც ერთი ევროპული საელჩო არ არის, თუმცა იქ ევროკავშირის წარმომადგენლობა მუშაობას აგრძელებს.
ევროკავშირის წარმომადგენელმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ცალკეული წევრი ქვეყნების საელჩოების შესაძლო ხელახლა გახსნაზე და თქვა, რომ ეს ამ ქვეყნების მთავრობების გადასაწყვეტია.
ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპელმა დიპლომატმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ბრიუსელში ოფიციალურმა პირებმა აზრი შეიცვალეს ავღანეთში ყოფნის აუცილებლობის სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განვითარების მხარდასაჭერის მიზნით, მათ შორის ქალთა უფლებების დასაცავად.
საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა Bloomberg-ის განუცხადეს, რომ მათ არ აქვთ უახლოესი გეგმები ქაბულში წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.
გერმანიაში ხელისუფლება ღიად განიხილავს, თუ როგორ დააბრუნონ უკან ავღანელი თავშესაფრის მაძიებლები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული ან ტერორიზმში გაასამართლეს. ამჟამად ასეთი პირების ქვეყანაში დეპორტაცია შეუძლებელია, რადგან გერმანიას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა თალიბანის რეჟიმთან.
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ აშშ არ აპირებს პოლიტიკურად აღიაროს თალიბანი ან გახსნას საელჩო ქაბულში.
ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნათლად განუცხადა თალიბანს, რომ არსებობს პრობლემები - უპირველესად ქალებისა და გოგონების მიმართ - რაც ხელს უშლის მათ ამ მიმართულებით წინსვლაში.
თალიბანი კვლავ გაერო-ს სანქციების ქვეშ იმყოფება ტერორისტული საქმიანობისთვის. მსოფლიოს უმეტესმა ქვეყნამ არ აღიარა მათი მმართველობა ავღანეთში. მაგრამ ევროპული სახელმწიფოები ფრთხილობენ თალიბანთან კონტაქტების შენარჩუნებაში, პირველ რიგში, ქვეყანაში შემაშფოთებელი ჰუმანიტარული ვითარების გამო.