"ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ არჩევნები უკვე წააგო და ამიტომ ახლა ისტერიკაშია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებზე გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს იკადრებს, თუმცა მათ ამ ქმედებებზე რეაგირება არ ექნებათ.
„იციან, რომ ამ ხალხმა არჩევნები წააგო უკვე. ამ ხალხმა არჩევნები წააგო, როდესაც რუსული კანონი მეორედ დააინიცირა და ქუჩაში ხალხი გამოვიდა. მათი მთავარი საზომი იყო „ქართული ოცნების“ პრემიერი და ეს არ იყო მარტო ცალკე აღებული კობახიძე, როდესაც სცენაზე ავიდა და ხალხმა სცენიდან ჩამოაგდო. ეს ყველაფერი ხომ შიგნით ძალიან კარგად იციან და ამით არის ეს პანიკა გამოწვეული, ეს ისტერიკა და ამ ისტერიკას კიდევ უფრო მძიმე ფორმებში ექნება გამოვლინებები. ყველაფერს იკადრებენ, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს შევხვდებით მშვიდად, წყნარად, არც არაფრის გვეშინია, არც ისტერიულ გამოვლინებებზე არ ვაპირებთ რეაგირებას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.