აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტების ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის ყოფილმა ექიმმა რონი ჯექსონმა, რომელიც ამჟამად ტეხასის წარმომადგენელია წარმომადგენელთა პალატაში, Fox News-ის ეთერში თქვა, რომ მისი ძმისშვილი ტრამპზე მკვლელობის მცდელობის დროს მიტინგზე დაიჭრა.
"ჩემი ძმისშვილი იმყოფებოდა ღონისძიებაზე. ისინი მეგობრებისა და ოჯახის წევრების სექციაში იმყოფებოდნენ. გასროლის გაგონებისას ყველა მიწაზე დაწვა... ტყვია კისერში მოხვდა, ჭრილობიდან სისხლდენა დაეწყო", - თქვა ჯექსონმა.
როგორც ჯექსონმა აღნიშნა, ტრამპის უკან ტრიბუნებზე მისი ძმისშვილი და მისი ახლობლები იმყოფებოდნენ. მისი თქმით, კიდევ ერთი დაშავებული ამავე მხარეს იმყოფებოდა და რამდენიმე რიგის იქით მათ უკან იჯდა. ჯექსონის თქმით, მის ძმისშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს პირველადი დახმარების კარავში.
პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსროლელი განეიტრალებულია.