ოფიციალურ თბილისს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია პროცესში ქართული მხარის მონაწილეობით სურს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა.
"ჩვენ გვსურს, რომ ქართული ძეგლების რეაბილიტაცია მოხდეს ჩვენი მონაწილეობით. საუბარია, პროცესში როგორც ისტორიკოსების ჩართვაზე, ისე ტექნიკური ჯგუფის გაგზავნაზე. თავის მხრივ, რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ თურქულ მხარეს ანალოგიური შესაძლებლობა მივცეთ, რათა საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ის ძეგლები, რომელსაც თურქული ძეგლების სტატუსი აქვთ, მაქსიმალურად დაცული იყოს", - განმარტა კალანდაძემ.
რაც შეეხება იმას, თურქეთში მდებარე რომელ ქართულ ძეგლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და აღნიშნულის სანაცვლოდ რას მოითხოვს თურქული მხარე, კალანდაძე არ აზუსტებს და აცხადებს, რომ ეს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გადაწყდება.
"მოლაპარაკებები როდის დასრულდება, ძნელი სათქმელია. ამ ეტაპზე მხარეებს შორის მხოლოდ ოქმია გაფორმებული, რომელიც ხელმოსაწერად თურქეთშია გადაგზავნილი. ასე რომ, თურქულ მხარეზეა დამოკიდებული ის იმ სახით შევა ძალაში თუ არა, როგორითაც ახლა არსებობს", - დასძინა მან.