სამოქალაქო მოძრაობამ "რატომ!" მონიტორინგის ჯგუფი დააარსა. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა, თინათინ ძნელაძემ დღეს მოძრაობის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მონიტორინგის ჯგუფის შექმნის მიზანია არსებობდეს საზოგადოებისათვის ალტერნატიული ობიექტური ინფორმაციის მიწოდების წყარო.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მონიტორინგის ჯგუფი 2003 წლის შემდეგ ადამიანის უფლებებსა და ქართულ მედიაში არსებულ მდგომარეობაზე იმუშავებს.
ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშები ყოველთვიურად გაეგზავნება საქართველოში მოქმედ სამოქალაქო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.
მოძრაობა "რატომ"-ის წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ობიექტური და სანდო ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში და საქართველოში არსებული მედიის და ადამიანის უფლებების შესახებ არსებული პრობლემების სათანადო შეფასებას ადგილობრივი და უცხოური პოლიტიკური და სამოქალაქო წრეების მხრიდან.