ამაკლიაში ქალ მოჭადრაკეთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირში 13 მოჭადრაკე მონაწილეობს და წრიული სისტემით ჩატარდება.
68-ე ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება უკონკურსოდ მოიპოვეს: საქართველოს 67-ე ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორებმა (ჩემპიონი - სალომე მელია, ვიცე-ჩემპიონი - ნინო ხურციძე, ბრინჯაოს მედლის მფლობელი - მაია ლომინეიშვილი), საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებმა (ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ბელა ხოტენაშვილი) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ მიწვეულმა მოჭადრაკემ (ნაზი პაიკიძე) და ტურნირის ორგანიზატორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენელმა (მარიამ დანელია). რაც შეეხება მერი არაბიძეს, ნინო ბაციაშვილს, მაკა ფურცელაძეს, მირანდა მიქაძესა და სოფიკო ნიკოლაძეს, ამ მოჭადრაკეებმა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება, პირველ ლიგაში წარმატებით თამაშის შემდეგ მოიპოვეს.
წრიული სისტემით - 13 ტურად დაგეგმილი ჩემპიონატი 23 იანვარს დასრულდება. დასვენების დღეა 16 იანვარი.
აღნიშნული ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 13500 ლარს შეადგენს, რომელიც I-V ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებზე შემდეგნაირად განაწილდება:
I ადგილი - 4000 ლარი, II - 3500, III - 3000, IV - 2000, V - 1000.
ჩემპიონატის მთავარი მსაჯია ნანა ალექსანდრია, ხოლო დირექტორი - დავით კოდუა.