"ქართულმა ოცნებამ" ძალა არ დაიშურა იმისთვის, რომ ანტიდასავლური კამპანია ეწარმოებინა და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინისა და მოლდოვისგან გამოეცალკევებინა - ამის შესახებ"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა,
მან კომენტარი გააკეთა ვროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარების შეჩერებაზე.
"ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან სახიფათოა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები დახმარების სხვადასხვა ინსტრუმენტის შეჩერებით, გვაჩვენებს, რომ არ აპირებს გვერდით დაუდგეს ხელისუფლებას, რომელიც ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა.
ბიუჯეტის სერიოზული ნაწილი დასავლურ დახმარებებზეა დამოკიდებული და ასეთ ვითარებაში ხელისუფლება პარტნიორებს არ უნდა ესხმოდეს თავს.
როდესაც ხელისუფლება ღია ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა, ბუნებრივია, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებიც წლებია ამ ქვეყანას უდგანან გვერდით და ქვეყნის მიტოვებას არ აპირებენ, თავიანთ დახმარებას სწორედ იმ სექტორებზე მიმართავენ, ვის წინააღმდეგაც ბარიერების გამოყენებას ხელისუფლება არ იშურებს. ხელისუფლება თავს ესხმის როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე მედიასა და ოპოზიციას. ამ ვითარებაში ჩვენი მეგობრები, რომლებიც ქვეყანას გვერდით უდგანან, არასამთავრობო სექტორსა და მედიას გაძლიერებაში დაეხმარებიან", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.