ვიქტორ ორბანთან საკმაოდ პირდაპირი და საფუძვლიანი აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის უკრაინის კონფლიქტზე, ვისაუბრეთ მისი მოგვარების შესაძლო გზებზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
უკრაინის პოზიციაზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინას არ სურს მოლაპარაკება, მაშინ როცა რუსეთი ღიაა პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების განხილვისთვის.
პუტინის მტკიცებით, კიევის ხელისუფლება თავს უფლებას არ აძლევს იფიქროს ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
”არჩევნებში უკრაინის მმართველების გამარჯვების შანსები, რომლებმაც დაკარგეს რეიტინგი და ლეგიტიმაცია, ნულის ტოლია”, - თქვა პუტინმა.
მან ორბანთან მოლაპარაკებებს დროული და სასარგებლო უწოდა და მადლობა გადაუხადა რუსეთში ვიზიტისთვის. პუტინის თქმით, მოსკოვი ამ ვიზიტს დიალოგის აღდგენის მცდელობად აღიქვამს.