უკრაინის ქალაქ დნიპროში 4 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის ძალების მიერ ქალაქზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 53 კი დაშავდა.
დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, იერიშის შედეგად დაზიანებულია ორი სკოლა, სამი საბავშვო ბაღი და სამედიცინო დაწესებულება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ მოკავშირეებს მიმართა და კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისკენ მოუწოდა.
„ამ რუსული ტერორის შეჩერება მხოლოდ ორ რამეს შეუძლია – საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს და ჩვენი შეიარაღების შორ მანძილზე მოქმედებას. მსოფლიოს შეუძლია ადამიანების სიცოცხლის დაცვა და ამისთვის საჭიროა ლიდერების სიმტკიცე. სიმტკიცე, რომელსაც შეუძლია და რომელმაც კვლავ ნორმად უნდა აქციოს ტერორისგან დაცვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მტერმა დნიპროპეტროვსკის ოლქზე იერიში 3 ივლისს გამთენიისას „იკსანდერის“ ტიპის რაკეტებითა და „შაჰედის“ ტიპის დრონებით მიიტანა.