ქართული ოცნების დეპუტატის, გიორგი ვოლსკის თქმით, სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის აშშ-ში ვიზიტი პარტიული არ ყოფილა, რადგან ის არ წარმოადგენს პარტიის აქტივისტს. ვოლსკი ყოფილი პრემიერის და პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში გაგზავნილი ჰყავდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი "პერსონალურ შიკრიკად".
"მე არ მეგონა, რომ ასე ქვემოთ დაეცემოდა და იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა გახარია. რა სისულელეს ლაპარაკობს, რა შიკრიკი. თუკი იმყოფებოდა კიდეც ლილუაშვილი აშშ-ში, შიკრიკი რატომ ჰქვია, არ ვიცი.
რაც შეეხება და რაც ევალება უსაფრთხოების სამსახურს, იმას აკეთებს. ამ ვიზიტთან დაკაშირებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სამუშაო ვიზიტი იყო თუ არასამუშაო, მსოფლიოში არსებული ვითარება, ზოგადად, საკმაოდ რთული ვითარება, შესაძლოა იმასაც ითვალისწინებდეს, რომ ამაზე წინასწარ პრესრელიზი არ კეთდებოდეს. ეს შიკრიკობას ნამდვილად არ ნიშნავს და ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს.
ეს არ იყო პარტიული ვიზიტი, ლილუაშვილი არ წარმოადგენს პარტიის აქტივისტს" - თქვა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა: “ჩვენი ხელისუფლება რომ პოზებში დგას, რომ, აი, ჩვენ რაღაც, ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად. გაგზავნილი ჰყავს იქ და ჯობდა, რომ არ გაეგზავნა“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მედიას ლილუაშვილის აშშ-ში ვიზიტი დაუდასტურეს.