Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა. იუწყება BBC
ასანჟი აშშ-ის ხელისუფლებასთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან წაყენებული ბრალი აღიარა. ბრალის აღიარების სანაცვლოდ კი მას ამერიკის ციხეში სასჯელის მოხდა აღარ მოუწევს.
„ჯულიან ასანჟი თავისუფალია. მან ბელმარშის ციხე დატოვა 24 ივნისს დილით, იქ გაატარა 1901 დღე. ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და დღის მეორე ნახევარში გაათავისუფლეს. ის სტენსტედის აეროპორტში ავიდა თვითმფრინავში და გაფრინდა დიდი ბრიტანეთიდან“, - წერენ ასანჟის თანამოაზრეები სოციალურ ქსელ X-ში.
ასანჟი სამშობლოში, ავსტრალიაში გაემგზავრა.
ასანჟი ეკვადორის საელჩოში 2019 წლის მაისში დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აშშ-ში მას 18 ბრალი ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. ბრალდების მხარე ამბობდა, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხვაში ეხმარებოდა.