უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩავიდა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენცია გაიმართება. ზელენსკი ასევე შეხვდება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს.
ამის შესახებ ზელენსკი Telegram-არხზე წერს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, კონფერენცია აერთიანებს მთავრობებს, კომპანიებსა და ორგანიზაციებს უკრაინის დასახმარებლად.
„რუსული საჰაერო ტერორის კონტექსტში, უკრაინის ენერგეტიკისთვის გადაუდებელი გადაწყვეტილებები ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება“, - დასძინა მან.
ზელენსკი გეგმავს ისაუბროს შოლცთან შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ.
მხარეები ასევე კოორდინაციას გაუწევენ პოზიციებს სამშვიდობო სამიტის, ევროპის საბჭოს სამიტისა და ნატო-ს სამიტის წინ.
გარდა ამისა, ზელენსკი შეხვდება გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბარბელ ბასს, ეწვევა სამხედრო ბაზას, სადაც უკრაინელი სამხედროები წვრთნებს გადიან.