ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, მივცეთ საშუალება ეროვნულ მოძრაობას, დააბრუნოს საფრანგეთი თავის გზაზე. ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა.
მან მოუწოდა მოსახლეობას, დაეხმარონ მის პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში.
„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, მივცეთ საშუალება ეროვნულ მოძრაობას, დააბრუნოს საფრანგეთი საკუთარ გზაზე. ამისთვის ჩვენ უნდა შევძლოთ, გავერთიანდეთ“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
ლე პენის თქმით, მან შეხვედრები გამართა სხვადასხვა ოფიციალურ პირთან. მათ შორის შეხვდა ულტრამემარჯვენე პარტიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, თავის დისშვილს, მარიონ მარეშალს.
„მე შევხვდი სიის სათავეში მყოფს. ასევე, შევხვდი რიგ სხვა ოფიციალურ პირებს, რომლებიც შეძლებენ ამ უმრავლესობის ჩამოყალიბებას. ამას ელოდებიან ფრანგები ჩვენგან. მათ თქვეს: „ჩვენ გვინდა მიმართულების შეცვლა“. ჩვენ ვეუბნებით: „მოდით, ჩვენ მზად ვართ“, –განუცხადა მარინ ლე პენმა ფრანგულ მედიას.
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.