აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
მანამდე ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ელ-სისის შეხვდა.
ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში უნდა წარადგინოს ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული გეგმა მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ომის დასასრულების შესახებ.
სახელმწიფო მდივანი მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთანაც გამართავს შეხვედრას.
ბლინკენის განცხადებით, „ჰამასი“ ერთადერთი მხარეა, რომელიც წარდგენილ შეთანხმებას არ დათანხმდა. „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ ბლინკენის კომენტარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „მიკერძოებული იყო ისრაელის მიმართ“.
7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ სახელმწიფო მდივნის ეს მერვე ვიზიტია რეგიონში. ამ კვირაში ბლინკენი ასევე ეწვევა იორდანიასა და კატარს, სადაც განიხილავს ღაზის სექტორის მართვისა და აღდგენის გეგმებს.