ვინმე თუ ეცდება დროებითი საზღვრების დახაზვას, ეს იქნება მხოლოდ პაუზა ახალ ომამდე, ჩვენ არ გვაქვს წაგების უფლება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა პარალელები გაავლო მეორე მსოფლიო ომს, ნორმანდიის სანაპიროზე მოკავშირეების დესანტის გადასხმით დაწყებულ ომსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს შორის.
მან აღნიშნა, რომ დღევანდელი თავისუფალი ევროპა იმ ადამიანების გამბედაობის შედეგია, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ბრძოლა არჩიეს და ნაცისტურ გერმანიას არ მისცეს გამარჯვების საშუალება.
"მოგებულმა ბრძოლებმა კაცობრიობას ევროპა დაუბრუნეს. ამ მოგებული ბრძოლების გარეშე არაფერი იქნებოდა, არ იქნებოდა უკრაინა და საფრანგეთი, ყველა თავისუფალი ერი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან პარალელები გაავლო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომთან, რომელმაც კონტინენტზე დიდი ომი დააბრუნა და დასვა კითხვა, სად გაჩერდება რუსეთი, თუ მას უკრაინაში ვერ შეაჩერებენ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ, ფაქტობრივად, რუსეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს მთელ მსოფლიოში, „სადამდეც შეძლებს მიწვდეს და სადაც წინააღმდეგობას ვერ შეხვდება, როგორც, სირიასა და აფრიკის საჰელის რეგიონში და მიმართავს შანტაჟს, რატა ადამიანებს ეშინოდეთ სრულად დაუპირისპირდნენ მას.
„ბრძოლას უკრაინისთვის ახლა ისეთივე ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს, როგორც ბრძოლებს, რომლებიც ევროპელების წინა თაობებმა მოიგეს, ეს ბრძოლა გზაჯვარედინზეა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
„შეძლებს თუ არა პუტინი ამ ომის მოგებას? არა, რადგან ჩვენ არ გვაქვს წაგების უფლება. შეიძლება თუ არა ამ ომის ახლანდელ საზღვრებში დასრულება?არა, რადგან ბოროტებისთვის საზღვრები არ არსებობს, არც 80 წლის არსებობდა. თუ ვინმე ეცდება დროებითი საზღვრების დახაზვას, ეს იქნება მხოლოდ პაუზა ახალ ომამდე. ახლა იგივე ხდება, რაც 1930 წელს, როდესაც ბოროტება ცდილობდა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ აგრესია განეხორციელებინა. ჰიტლერმა გადაკვეთა ხაზები, პუტინიც იმავეს აკეთებს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგი დეპუტატებისადმი მიმართვაში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასაწყისში, ყველაზე რთულ დღეებშიც კი უკრაინელებს სჯეროდათ, რომ გადარჩებოდნენ, თუ მარტო არ დარჩებოდნენ და საკმარის დახმარებას მიიღებდნენ.
„და ეს იქნება იმის მტკიცებულება, რომ ევროპა არ დაბრუნდება იმ დროში, როდესაც კონტინენტზე მოკავშირეების ჩამოსვლის გარეშე, თითქმის მთელი მსოფლიოს მონაწილეობით, შეუძლებელი იყო ევროპაში ომის დასრულება ისე, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ევროპის ინტერესები... მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლობა 80 წლის შემდეგ ახსოვდეთ, როგორც მოგებული ბრძოლა“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.