ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ხელისუფლების შეცვლაში წინა ხელისუფლების დაბრუნება არ იგულისხმება, - ამის შესახებ რუსთავი 2-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ქარტიის ხელმოწერა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები ერთხმად თანხმდებიან ევროპული დღის წესრიგის შესრულებაზე.
"ვფიქრობ, დღეს ნათელია, რომ საქართველოს ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას სურს ხელისუფლების შეცვლა, თუმცა ამ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ხელისუფლების შეცვლაში წინა ხელისუფლების დაბრუნება არ იგულისხმება. საქართველოში ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი დაანგრია თვითონ ამომრჩეველმა თავისი გემოვნებით.
"ქართულმა ოცნებამ" თავისი თავი ჩაიყენა იმ მდგომარეობაში, რომ ისინი აღარ წარმოადგენენ უმრავლესობის ხედვას, რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს ევროპული მომავალი. ამ ხედვის მატარებელი პოლიტიკური ძალები, ჩემი აზრით, უნდა დაჯგუფდნენ იმგვარად, რომ ამომრჩეველს შესთავაზონ მრავალფეროვანი არჩევანი, მაგრამ, ამავე დროს, მინიმალურ ნიშნულამდე დაიყვანონ იმისი შანსი, რომ დაიკარგოს ხმები, რომლის მიტაცებასაც ეცდება რუსული ხელისუფლება პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ვფიქრობ, ამაზე ჩამოვყალიბდებით უახლოეს მომავალში. სალომე ზურაბიშვილის წამოწყებული პროცესი, ქარტიას რაც შეეხება, არის განაცხადი, რომ ჩვენ, სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, ვთანხმდებით ევროპული დღის წესრიგის შესრულებაზე. დღეს, ფაქტობრივად, ჩაგვეხსნა ევროპული მომავალი - საქართველოს აღარ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ სულ რამდენიმე თვის წინ. მთავარი არის ის, რომ რუსული რეჟიმი დასრულდეს და ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ საქართველო მზად არის დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება.
სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებული ქართული ქარტიის მთავარი ამოცანაა, არჩევნებში კოალიციური ძალების გამარჯვების შემდეგ, სწრაფად დავიწყოთ ევროპული დღის წესრიგით მოქმედება, მაგრამ ამის მიღმა, "ლელოს" აქვს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც არის პენსიის გაზრდა 1000 ლარამდე, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა და ცხადია, რომ "ლელო" იქნება წარმოდგენილი საკუთარი პროგრამით," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.