კონგრესში გამოსვლა ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, ზოგადად, ყველაფერი ამ თემის ნაწილია, თორემ როგორ შეიძლება, გინდოდეს, რომ საკუთარი ქვეყანა და მისი ხელმძღვანელობა დასანქცირდეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.
„საქართველომ, დიდი ხანია, მოახერხა ყველაფრის ქოც-ნაცურ დაპირისპირებად ქცევა. უკრაინის ომის საკითხი ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, კონგრესში გამოსვლა ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, ზოგადად, ყველაფერი ამ თემის ნაწილია, თორემ როგორ შეიძლება, გინდოდეს, რომ საკუთარი ქვეყანა და მისი ხელმძღვანელობა დასანქცირდეს. როგორ შეიძლება, არ გინდოდეს, დალაგდე ამერიკელებთან და ოცნებობდე, რომ დაგასანქცირებენ. ამერიკელებს თუ ებრძვი, ისედაც ხომ მოლოდინი გაქვს, რომ დაგასანქცირებენ. ამერიკის სახელმწიფო მდივანიც თუ ამას გეუბნება, რაღაცნაირად შენთვისაც ხომ გასაგებია, რომ აქამდე თვითონ მიგყავს ეს ამბავი. სხვას დააბრალო, ჩემს სანქცირებას ითხოვენ და მოღალატეები არიანო – სხვა კი არ ითხოვს, შენ მიდიხარ ამისკენ. ადამიანებს, ვისაც ენდობი, აზრის გასაგებად თუ ეკითხები, ეს ხალხი გვებრძვის თუ არა, რა ვითარება, რა მოქმედებაა საქართველოში, ნებისმიერი პატიოსანი ადამიანი ვალდებულიც კია, უთხრას – კი, გებრძვიან. ამას, ფაქტობრივად, ღიად ამბობენ, ლიდერის გამოსვლიდან დაწყებული, ყველა დონეზე ეს აქვთ გაცხადებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.