პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ოფიციალური ვიზიტით მალაიზიაში იმყოფებიან.
პარლამეტნის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები მალაიზიის პარლამენტის ვიცე სპიკერს - რამლი ბინ დატო მოჰდ ნორის და მალაიზიის პარლამენტში ევროპის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
"განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოსა და მალაიზიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტურიზმის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
ქართულმა მხარემ კოლეგებს „შუა დერეფნის" პროექტთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო.
მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და რუსეთის აგრესიის გავლენა რეგიონზე. საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.
ქართულმა მხარემ მალაიზიის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მალაიზიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა დავითულიანი და ნოდარ ტურძელაძე.