საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გაერო-ს რეზოლუციაზე ჩინეთის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია. მისივე თქმით, ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ეს არაერთხელ დააფიქსირა.
„რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, როდესაც მან თავი შეიკავა, ჩინეთთან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. არაერთხელ ვუფიქსირებთ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობას და მის მნიშვნელობას. ამ მხრივ ძალიან მჭიდრო, შეთანხმებული პოზიციები გვაქვს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციას, ორივე ქვეყანა საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე აყალიბებს თავის პოზიციებს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, როგორც ჩინეთი, ისე საქართველო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა-ის თავს იკავებს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა მრავალწლიანი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა თავს იკავებს, ეს ამ ვითარებაში ჩვენთვის მხარდაჭერის ტოლფასია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, რეზოლუციის მხარდამჭერების რაოდენობა წლიდან წალმდე იზრდება, რაც"ქართული ოცნების" სწორი პოლიტიკის დამსახურებაა.
„წლიდან წლამდე იზრდება ამ რეზოლუციის მხარდამჭერების რაოდენობა სწორედ იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ვაწარმოებთ. წელსაც დაემატა ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ. რამდენიმე ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა აფიქსირებს თავშეკავების პოზიციას ხოლმე, ესეც განპირობებულია იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორც მათ, ასევე საქართველოს აქვს ცალკეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სპეციფიკური მიდგომები და გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.