სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას საზღვარგარეთაც და საქართველოშიც, ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „აგენტების“ კანონი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას აფერხებს.
„ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი პასუხისმგებლობით ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მწვავე დაავადებებთან ბრძოლას და ასე შემდეგ. ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, რადგან სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. აქედან გამომდინარე, არავის მივცემ შესაძლებლობას, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული. ვისაც შეცდომა მოუვიდა და არასწორად გაავრცელა ინფორმაცია, ვურჩევდი სწორად გაეცნონ ინფორმაციას. ვინც ეხმარება ხალხს და ქველმოქმედებას ეწევა, არავისთვის არ შექმნილა რაიმე მიზეზი, რომ ხელი აიღოს ქველმოქმედებაზე. ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს, უპრობლემოდ განახორციელებს. რაც შეეხება საკითხს, რომ შეიძლება, ვინმე მკურნალობის გარეშე დარჩეს, ნუ უხეთქავთ ადამიანებს გულებს, არავინ დარჩება მკურნალობის გარეშე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. პროგრამა მოიცავს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბენეფიციარებს ყველა საჭირო სერვისს უფინანსებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. პროგრამაში ჩართულია სამი ქვეყნის: თურქეთის, ისრაელის, ესპანეთის ექვსი წამყვანი, მაღალტექნოლოგიური კლინიკა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პროგრამით უკვე 89 ბავშვმა ისარგებლა.