ახლა დიდი გაერთიანების და ერთად დგომის დროა, რომ ეს დიდი ბრაზი, დიდი დუღილი, რომელიც ჩვენ გვაქვს, 26 ოქტომბერს დიდ გამარჯვებაში გარდავსახოთ - უახლოეს დღეებში კონკრეტულ ჩვენეულ სამოქმედო გეგმას გაგაცნობთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ჩვენი პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდით დგანან და ქართულ საზოგადოებას არ მიატოვებენ.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ბევრი შეხვედრა მქონდა ქვეყნის შიგნით. ვესაუბრე ძალიან ბევრ ჩვენს პარტნიორს უცხოეთში და მინდა გაგიზიაროთ ჩვენი შეფასება დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
პირველი - სამწუხაროა, რომ რუსული კანონის მიღების შემდგომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ვადით, ევროკავშირის კარი დახურულია საქართველოსთვის. უფრო მეტიც, კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დიდი შესაძლებლობები იქნა ხელიდან გაშვებული, ვგულისხმობ, ამერიკიდან შემოთავაზებულ უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, რაზეც ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონის“ მიღებით უარი თქვა. ეს არ არის ჩემი მოსაზრება. ეს არის მსოფლიო ლიდერების და ჩვენი მეგობრების მოსაზრება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა წინ, 26 ოქტომბრის სახით.
მეორე - მშვიდობიანმა მრავალათასიანმა განგრძობადმა პროტესტმა ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. დღეს საქართველო არის ყურადღების ეპიცენტრში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და მერწმუნეთ ქართველ ხალხს ჩვენი პარტნიორები არ მიატოვებენ. ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით და ამას აბსოლუტურად ღიად და მკაფიოდ გამოხატავენ.
მესამე - ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, 26 ოქტომბრამდე კონკრეტული ნაბიჯები აუცილებლად იქნება გადადგმული, კიდევ უფრო მკაცრი და მკაფიო, მაგრამ მთავარი ახლა რაც უნდა „ქართულ ოცნებას“, დათესოს ნიჰილიზმი, უიმედობა. შემხვდნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ ქვეყნიდან წასვლას ხომ არ აქვს აზრი? - არა მეგობრებო, პირიქით, ახლა დიდი გაერთიანების და ერთად დგომის დრო არის, რომ ეს დიდი ბრაზი, დიდი დუღილი რომელიც ჩვენ გვაქვს გარდავსახოთ დიდ გამარჯვებაში 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერი არის ნამდვილად ისტორიული რეფერენდუმი. ეს არ განსაზღვრავს მხოლოდ შემდგომი 4 წლის მდგომარეობას საქართველოში, არამედ განსაზღვრავს შემდგომი ათწლეულების მანძილზე სად ვიქნებით ჩვენ. დიახ, რეფერენდუმია. თუ „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს ხელისუფლებას, მაშინ ივანიშვილისეული ჭაობი იქნება ამ ქვეყანაში, თუ ჩვენ ვცვლით ხელისუფლებას, ვიწყებთ სწრაფ ინტეგრაციას ევროკავშირთან, მივიღებთ უვიზო მიმოსვლას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, 15 დეკემბრისთვის გავხსნით ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, ძალიან დიდი ინვესტიციებს შემოვიტანთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.