არასამთავრობო ორგანიზაცია "ფეა თრიიზ ფონდის" განცხადებით, ე.წ. აგენტების კანონის მიღების გამო ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტის წინადადება უკან გაიწვიეს.
ამის შესახებ ორგანიზაცია ფეისბუქზე ავრცელებს განცხადებას და თან ურთავს ონის მერიისთვის გაგზავნილ წერილს.
„28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე. სამწუხაროდ, იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით. პროექტზე მუშაობის დაწყება შესაძლებელი გახდა ონის მოსახლეობის დიდი თხოვნის და აქტიური ჩართულობის შედეგად. ვგრძნობთ რა ანგარიშვალდებულებას ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, გიზიარებთ ონის მერიისთვის გადაგზავნილ წერილს, რომელშიც ახსნილია გადაწყვეტილების მიღების მიზეზები. ვიმედოვნებთ, ქვეყანაში მალე დაბრუნდება არასამთავრობო სექტორის მიმართ კეთილგანწყობილი საკანონმდებლო ბაზა და შესაძლებლობა მოგვეცემა განვაგრძოთ საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი პროექტების განხორციელება,“- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე დაზუსტებით, ინფორმაცია ეხება ქალაქ ონში დაგეგმილ ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას და არა ამბროლაურში არსებულ, უკვე ფუნქციონირებად, მათივე ფონდის კლინიკას.