გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმების უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია 1995 წელს ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში გენოციდის შესახებ. გერმანიისა და რუანდის მიერ მომზადებულ დოკუმენტს მხარი დაუჭირა 84-მა ქვეყანამ (მათ შორის ყველა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანამ სერბეთის გარდა), 19 წინააღმდეგი იყო, 68-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის თანახმად, ბოსნიის ამ ქალაქში 11 ივლისი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ ცხადდება. გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამებში სრებრენიცაში მომხდარი გენოციდის შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ჩართვას.
კენჭისყრამდე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გააფრთხილა გენერალური ასამბლეა, რომ თუ გენოციდის ხსოვნის დღე დაწესდება, ეს ნაბიჯი „გახსნის ძველ ჭრილობებს და გამოიწვევს სრულ პოლიტიკურ ქაოსს“. ამავე დროს, მან თქვა, რომ არ უარყოფს სრებრენიცაში მომხდარ მკვლელობებს და „ქედს იხრის ბოსნიაში კონფლიქტის ყველა მსხვერპლის წინაშე“.
ბოსნიელი სერბების ძალებმა გენერალ რატკო მლადიჩის ხელმძღვანელობით 1995 წლის ივლისში დაიკავეს გაეროს მიერ დაცული მუსლიმთა ანკლავი სრებრენიცა.
რამდენიმე დღის განმავლობაში დახოცეს 8000-მდე ადამიანი.
სრებრენიცის 1995 წლის ხოცვა-ჟლეტა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასობრივ მკვლელობად არის მიჩნეული.