უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების მიუხედავად, უკრაინა ხარკოვისა და დონეცკის მიმართულებით კონტროლს ინარჩუნებს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები და ახალი საბრძოლო თვითმფრინავები.
„დღეს მე ველაპარაკე მთავარსარდალს არსებულ ვითარებაზე, კერძოდ დონეცკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქში.
ჩვენ ყველგან ვინარჩუნებთ კონტროლს. რუსი მკვლელები აქტიურად იყენებენ მართვად ბომბებს - როგორც ქალაქ ჩასივ იარის რაიონებში, ასევე პოკროვსკის მიმართულებით, ასევე ხარკოვის ოლქის ლიპცის რაიონში და საბრძოლო მოქმედებების სხვა ადგილებში.
ეს ისევ და ისევ გვაბრუნებს საჰაერო თავდაცვის საჭიროებთან - დამატებით თავდაცვის სისტემებთან, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სირთულეები ჩვენი მეომრებისთვის და საფრთხე ჩვენი ქალაქებისა და დასახლებებისთვის. და ეს ასევე ეხება ჩვენი საჰაერო ძალების ახალ საბრძოლო თვითმფრინავებზე მომზადებას,” - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, რომლებსაც ესმით უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროება.
”მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს პერსპექტიული მუშაობა რამდენიმე პარტნიორთან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს დღე, როდესაც ჩვენ შევძლებთ დამატებით მივაწოდოთ ”პეტრიოტები” ჩვენს აღმოსავლეთ რეგიონებს,” - აღნიშნა ზელენსკიმ.