ვეტერანები ხელისუფლებას 10 მოთხოვნას უყენებენ.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს არის ძირითადი მოთხოვნები, რის გამოც ისინი ქუჩაში გამოვიდნენ.
კერძოდ, ვეტერანები მოითხოვენ: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქოს გუშინ ვეტერანთა აქციის დარბევა; დაარსდეს ვეტერანთა დღე; შეიქმნას ვეტერანთა დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაც იქნება ყველა ომის ვეტარენისა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციის "სტანდარტული" გეგმის შემუშავება (შემდგომში ეს უნდა გახდეს სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობის ორგანო, თუ რამდენად სრულდება ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაცია და სოციალური დაცვა); უზენაესმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად და სახალხოდ მოიხადოს ბოდიში, მოშიმშილე ვეტერანთა დარბევის გამო; აშენდეს ვეტერანთა სახლ-მუზეუმი; დაისაჯონ კონსტიტუციის 25-ე მუხლის დამრღვევი პირები; წლების განმავლობაში ე.წ. უგზო უკვალოდ დაკარგულები აღიარონ გარდაცვლილებად და შესაბამისად მათი ოჯახის წევრებს დაენიშნოთ დახმარება; 10 წელზე მეტი ვისაც აქვს ნამსახურევი და არ არის დისციპლინარულად დათხოვნილი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ან სხვა საერო ეროვნულ დღესასწაულებზე, მათზე დაუშვან ფორმის ტარების უფლება; სახელმწიფომ უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანების (1998-2004 და 2008 წლების შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეები), ასევე, შეიარაღებული ძალებისა და შსს-ს ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის ღირსეული არსებობა. ვეტერანები აცახდებენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ჩააბარებინოს გამოცდები იმ უფროს ოფიცრებს, ვინც უსაფუძვლოდ დაითხოვეს ჯარიდან, ხოლო გარდაცვლილების ოჯახებს დაუნიშნონ შემწეობა, მინიმუმ გარდაცვლილი მებრძოლის ხელფასის ოდენობით.
ამ წუთებში ვეტერანთა მხარდამჭერი აქცია კვლავ გრძელდება.
მოგვიანებით აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აპირებენ საზოგადოებრივი მაუწყებლობის წინ გადაინაცვლონ და თავისი მოთხოვნების გაჟღერებისთვის პირდაპირი ეთერი მოითხოვონ.