საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში 200 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება, რაზეც ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება.
ახალი სკოლა 2011 წლის 15 სექტემბერისთვის შევა ექსპლუატაციაში. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა. როგორც რადიო „ჰერეთს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, დიმიტრი შაშკინმა სოფელ მელაანში მშენებარე სკოლა სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი თოდუასთან ერთად დაათვალიერა.
ძველი სკოლის შენობა, რომელიც 1955 წელს იყო აშენებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. სკოლის 175 მოსწავლე გადანაწილებული იყო სოფლის ამბულატორიისა და სამედიცინო პუნქტის შენობებში, ბავშვებს სწავლისათვის სრულიად შეუფერებელ პირობებში უხდებოდათ სწავლა.