სერგო ფარაჯანოვის 90 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ახალი მხატვრული ფილმის "ფარაჯანოვის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც ფილმის პროდიუსერმა სცენარის ავტორმა და რეჟისორმაEლენა ფიტისოვამ განაცხადა, ფილმს კინოსტუდია "ინტერფილმში" გადაიღებენ და მასში ჩართული იქნება სომხეთის, საქართველოს, საფრანგეთის და ნიდერლანდების მხარეებიც.
მისი თქმით, ეს იქნება ფილმი საკულტო რეჟისორის ცხოვრების შესახებ.
ფილმის გადაღებები საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში გაიმართება, ხოლო ფილმის ფინალს ნიდერლანდებში გადაიღებენ.
"ფარაჯანოვში" მთავარ როლს ფრანგი მსახიობი და კინორეჟისორი, 2010 წლის კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი სერჟ ავედიკიანი შეასრულებს.
ავედიკიანის მთავარ როლზე მოწვევის იდეა უკრაინელ რეჟისორს რომან ბალაიანს ეკუთვნის, რომელიც აღნიშნულ პროექტში წარმოდგენილი იქნება როგორც მხატვრული ხელმძღვანელი და პროექტის კრეატიული პროდიუსერი.
თავის მხრივ ბალაიანმა უარი განაცხადა ყოფილიყო აღნიშნული ფილმის რეჟიროსი, რადგან ის ახლოს იცნობდა ფარაჯანოვს, რასაც შეეძლო მისთვის აბსტრაგირებაში ხელი შეეშალა.
"ფარაჯანოვის პიროვნება მის ფილმებზე უფრო საინტერესოა", - განაცხადა ბალაიანმა.
მთავარი როლის შემსრულებელმა სერჟ ავედიკიანმა კი აღნიშნა, რომ ისიც ახლოს იცნობდა ფარაჯანოვს.
"ის ჩემთან სულიერად ძალიან ახლოა და მისი სამყარო ჩემთვის ძალიან ახლოს იყო" - განაცხადა მან.
გადაღებები 2011 წლის სექტემბერში საქართველოში დაიწყება, შემდეგ უკრაინაში გაგრძელდება და 2012 წლის გაზაფხულზე როტერდამში დასრულდება.
ფილმი ეკრანებზე სავარაუდოდ 2012 წლის შემოდგომაზე გამოვა.