უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის „ფეესბე“ ვოლოდიმირ ზელნსკის და უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციას გეგმავდა.
უკრაინის სპეცსამსახურების ცნობით, დაზვერვის ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო პრეზიდენტის უსაფრთხოებაში მყოფ სამხედროებს შორის, დავალების შემსრულებლების მოძებნა, რომლებსაც შეეძლოთ ზელენსკის მძევლად აყვანა და შემდეგ მისი მოკვლა. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ღალატისა და ტერაქტის განხორციელების ხელშეწყობის ბრალდებით, სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკია დაკავებული.
„ფეესბეს“ აგენტურული ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო პრეზიდენტის დაცვასთან დაახლოებულ სამხედროებს შორის შემსრულებლების მოძიება, რომლებიც შეძლებდნენ სახელმწიფოს მეთაურის მძევლად აყვანას, შემდგომ კი – მოკვლას. ზელენსკის გარდა, მტერი გეგმავდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი მალიუკის, დაზვერვის სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვისა და სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდაციასაც“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ამასთან, სპეცსამსახურების ცნობით, ბუდანოვის ლიკვიდაცია აღდგომამდე სარაკეტო დარტყმით იგეგმებოდა.
„აგენტი დასაცავი პირის გადაადგილებას დააკვირდებოდა და მტერს ინფორმაციას გადასცემდა. დაგეგმილი იყო სარაკეტო დარტყმა იმ შენობაზე, სადაც ბუდანოვი იქნებოდა. შემდეგ კი განხორციელდებოდა დრონით თავდასხმა“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შეტყობინებაში.