თურქეთმა მთლიანად შეაჩერა საქონლის იმპორტი და ექსპორტი ისრაელთან, ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო. ინფორმაცია თავდაპირველად Bloomberg-მა თურქ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა.
მოგვიანებით, ანკარასთან ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა.
კაცმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ თურქეთის გადაწყვეტილება უგულებელყოფს თურქი ხალხისა და ბიზნესის წარმომადგენლების ინტერესებს, იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს.
მისი თქმით, ისრაელი აპირებს დაუყოვნებლივ შექმნას ალტერნატივა თურქეთთან ვაჭრობისთვის, მოძებნოს ახალი მომწოდებლები და დაიწყოს ადგილობრივი წარმოების გაზრდა.
მანამდე თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შეზღუდავს ექსპორტს ისრაელში მანამ, სანამ ის არ გამოაცხადებს ცეცხლის შეწყვეტას ღაზას სექტორში და არ უზრუნველყოფს რეგიონში საკმარისი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობას.
სავაჭრო შეზღუდვები შეეხო 54 კატეგორიის საქონელს, მათ შორის არის ფოლადი, ნავთი, სასუქები, სამშენებლო ტექნიკა და მანქანები.
თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მონაცემებით, 2023 წელს თურქეთსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვამ 6,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ თანხის დაახლოებით 76% თურქეთის ექსპორტზე მოდიოდა.