პირველ მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული რვა სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის ერთი გაწერილია კლინიკიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის: ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა.
„ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის ერთ სამართალდამცველს. მათ ძირითადად აღენიშნებოდათ თავის ტკივილი და თვალების წვა.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ყველა მოქალაქისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარების სათადარიგო ბრიგადები დამატებით მობილიზებულია ასევე რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაწყების დროიდან“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.