ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ეხმიანება საქართველოს ეკლესიის საპატრიარქოს 27 აპრილის განცხადებას.
მიტროპოლიტის განცხადებით, "ეს იყო საპატრიარქოს ერთი სამსახურის განცხადება და არა პატრიარქის და მით უმეტეს სინოდის".
"ერთი წლის წინ ჩვენ მომსწრე გავხდით საზოგადოებაში განვითარებული მღელვარებისა და დაძაბულობისა, რაც გამოიწვია საქართველოს პარლამენტში შეტანილი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვებმა. მაშინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კეთილგონივრული გადაწყვეტილება, შეაფასა რა შექმნილი მდგომარეობის სირთულე და მოსალოდნელი შედეგები, უკან გაიწვია ეს კანონპროექტი, რაც ნამდვილად მართებული გადაწყვეტილება იყო და საზოგადოებამაც ეს ნაბიჯი სწორად და დადებითად შეაფასა.
დღეს, ერთი წლისთავზე, ჩვენ კვლავ ვხედავთ საზოგადოების მხრიდან უმწვავეს პროტესტს, რაც ამ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას მოჰყვა; ...და კვლავ, ამ საზოგადოების ავანგარდშია ახალი თაობა, შვილებისა და შვილიშვილების თაობა; ადამიანები კი ძირითადად გაიყო ამ კანონპროექტის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.
გასული წლის მოვლენებისას შეძენილი გამოცდილებიდან ყველას უნდა სცოდნოდა, თუ რა შესაძლო განვითარება მოყვებოდა პარლამენტში ხელახალი განხილვების დაწყებას. ...და მაინც, ეს მოხდა და დღეს სახეზეა მოვლენათა დრამატული განვითარება. ძნელი არ უნდა იყოს იმის განჭვრეტა, თუ რა შეიძლება მოყვეს მდგომარეობის შემდგომ დაძაბვას და ვინ იხეირებს ამით; ამის გამოცდილება ხომ საკმაოდ დაგროვდა უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისგან გვესმის, რომ ამ კანონის მიღმა მოიაზრება ეგზისტენციური, ღირებულებითი საფრთხეები, დაპირისპირება წარსულსა და მომავალს შორის, ორსაუკუნოვან მძიმე გამოცდილებასა და ხალხის ისტორიულ არჩევანს შორის.
სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაფანტვას და არსებული დაძაბულობის დამშვიდებას ხელი ვერ შეუწყო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებამ (27.04.2024.), რომელშიც ცალსახად არის ნათქვამი: „განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია. აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში,“ რაც არაერთგვაროვნად იქნა აღქმული, რადგან მედიამ და საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს განცხადება ჩათვალა საქართველოს საპატრიარქოს განცხადებად, ხოლო სინამდვილე კი ის არის, რომ ეს იყო საპატრიარქოს ერთი სამსახურის განცხადება და არა საპატრიარქოს განცხადება, ეს არ იყო არც კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება, და, მით უმეტეს, არც წმიდა სინოდის განცხადება, რომელიც აყალიბებს ეკლესიის კრებსით აზრს და პოზიციას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
ძვირფასო ძმებო და დებო, შვილებო! საქართველოს კონსტიტუცია თქვენ ნამდვილად განიჭებთ პროტესტის გამოხატვის უფლებას, და ამაში ვერავინ შეგეკამათებათ, თუმცა, აქვე გთხოვთ, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ მშვიდობიანი სულისკვეთება, რათა გასაქანი არ მისცეთ იმ ემოციას, რამაც შესაძლოა ძალადობისკენ უგიბიძგოს ადამიანს; თქვენ ისეთ ღირებულებებს დეკლარირებთ, რომ არა თუ შეურაცხყოფა ვინმესი, არა თუ შეგინება, არამედ დიდი შინაგანი რწმენა, სიმშვიდე და მოთმინება გჭირდებათ.
უფალი ბრძანებს, „ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ“ (ლკ.11,9-10).
იოანე ოქროპირი ამბობს, - შენ აუცილებლად მიიღებ, თუ მხოლოდ იმას ითხოვ, რისი მოცემა ღვთისათვისაც სასურველია და შენთვისაც მისი მიღება სასარგებლოა.
პატივცემულო პარლამენტის წევრებო, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებო!
ჩვენს თვალწინ მატულობს საზოგადოებრივი პროტესტის დუღილის ტემპერატურა და არავინ არის დაზღვეული გადაცდომისა თუ შეცდომისგან; თქვენ, რა თქმა უნდა, თმენის განსაკუთრებული ვალდებულება გაქვთ, თუმცა გაზრდილ პასუხისმგებლობასთან ერთად, ჩვეულებრივი ადამიანები ბრძანდებით და არც თქვენ ხართ დაზღვეული (ადამიანური ემოციებიდან გამომდინარე!) გადაცდომისგან. უაღრესად მტკივნეულია, როცა ყველა მოღალატეს ეძახის საპირისპირო პოზიციის ადამიანს; ნუთუ ეს არის საქართველო?!
წინა თაობებთან ერთად, უშუალოდ თქვენი დიდი შრომაც არის იმ პერსპექტივის მშენებლობაში, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია გაცხადებული?! ნუ გავხდით სათუოდ ამ მონაპოვარს, და მოსაპოვებელს! ხალხი უფრო დაგაფასებთ, ხოლო თქვენი თაყვანისმცემელნი კი უფრო მეტად იამაყებენ თქვენით; ჩვენ, ყველას გვაერთიანებს მამული, ენა და სარწმუნოება?! მაშ დავეთანხმოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შემოთავაზებულ ტრიადას:
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!
ნუ ჩათვლით ჩემს სიტყვას დიდაქტიკურ შეგონებად, არამედ მიიღეთ როგორც თხოვნა ერთი თქვენი თანამემამულისა და თანამოქალაქისა.
გავუფრთხილდეთ ადამიანს, ერთად ვიზრუნოთ სამშობლოზე და თაყვანი ვცეთ ღმერთს, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა", - ნათქვამია განცხადებაში.