გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების, ასევე, სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის სპეციალისტებმა მონაწილეობა ქ. ტრაბზონში გამართულ მეთევზეობის და აკვაკულტურის მიმართულების სასწავლო სემინარებში მიიღეს. სემინარები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა (TİKA) და მეთევზეობის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის (SUMAE) ორგანიზებით განხორციელდა.
სასწავლო კურსი მოიცავდა აკვაკულტურის სანებართვო პირობების და გარემოსდაცვითი მოთხოვნების საკითხებს, ასევე, თევზის დაავადებებს, გარემოსდაცვით შეფასებებს და სარეწაო თევზების მარაგის შეფასების მათემატიკურ მოდელებს.
სააგენტოს სპეციალისტები თურქეთის რესპუბლიკაში აკვაკულტურის საქმიანობის დღევანდელ მდგომარეობას, მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას და რეგულაციებს, შიდა წყლებისა და საზღვაო გალიების საწარმოების მუშაობის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპებსაც გაეცნენ, პრაქტიკული სწავლება გაიარეს თევზის ბაქტერიოლოგიური, ვირუსული, პარაზიტული და არაგადამდები დაავადებების დიაგნოსტირებაში.
აღნიშნულ სემინარებში მონაწილეობა ხელს უწყობს სააგენტოს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას და, შესაბამისად, ქვეყანაში მდგრადი მეთევზეობის და აკვაკულტურის პრინციპების დანერგვას.