"კი ევროპას" - დღეს, 17:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დაანონსდა.
"ვიკრიბებით – დღეს, 5 საათიდან, პარლამენტის უკან"- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ცოტა ხნის წინ, პარლამენტში განახლდა "აგენტების კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა.
შეგახსენებთ, 30 აპრილს საღამოს და 1 მაისს გამთენიისას, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა, პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილი მომიტინგეები რამდენჯერმე დაარბიეს. წყლის ჭავლისგან, რეზინის ტყვიებისგან, მხუთავი აირისა და წიწაკის სპრეისგან, პროტესტის მონაწილეები აირწინაღებით, ფიზიოლოგიიური ხსნარით და ბარიკადებით იცავდნენ თავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 63 პირი დააკავეს.
უწყების განცხადებით, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო ექვსმა პოლიციელმა, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში.