ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სასწრაფო რეკომენდაცია და ქვეყნის მოქალაქეებს ურჩია „დროებით თავი შეიკავონ რუსეთის ტერიტორიაზე ყველა სახის ტრანსპორტით გადაადგილებისგან, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა“.
მანამდე ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყნის მოქალაქეებს მასიურად აეკრძალათ რუსეთში შესვლა. სამინისტრომ შეშფოთება გამოუცხადა რესპუბლიკაში რუსეთის ელჩს სემიონ გრიგორიევს რუსეთში შესვლაზე უარის თქმის უსაფუძვლო შემთხვევების გამო.
მედიის ცნობით, 22 აპრილიდან ორენბურგის ოლქში, ყაზახეთ-რუსეთის საზღვარზე, ტაჯიკური სანომრე ნიშნით 180-მდე მანქანაა ჩარჩენილი. მედიის ინფორმაციით, ტაჯიკეთის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტელეფონის ჩხრეკისა და დაკითხვის შემდეგ ეძლევათ.
მოსკოვის მახლობლად, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, თავდასხმაში ბრალდებით ტაჯიკეთის მოქალაქეები დააკავეს. რუსეთის ქალაქებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ მასობრივი შემოწმებები დაიწყო. BBC-ის რუსული სამსახური ვარაუდობს, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, გაამკაცროს კონტროლი მიგრანტების წინააღმდეგ.